1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში (1922-1927). 1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება - ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ (1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ (1954), „იმერეთი“ (1956, ორივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), „შემოდგომა“ (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.
No comments:
Post a Comment